მთავარი » 2015 » მარტი » 20 » წარმოიდგინეთ
3:05 PM
წარმოიდგინეთ

Facebook -Video

წარმოიდგინეთ წვიმის წვეთები,

ნაზად რომ წინწკლავს და არ ჩერდება,

წარმოიდგინეთ დილის ფერები,

და ის მომენტი როგორ თენდება,

 

წარმოიდგინეთ დილა, ნამი და

როგორ იღვიძებს ბალახი ასე,

წარმოიდგინეთ ესე სამყარო

თუ როგორ გულით ზრუნავს ის ხალხზე….

 

წარმოიდგინეთ ყველა თვისება

რაც კი ბუნებას აქვს და არის და

სიკეთის არსი გადაფარული

როგორც ბიბინი ხორბლის ყანისა

 

წარმოიდგინეთ ვულკანი ასე

ამ ყველაფერს გრძობ, თითქოს იქა ხარ,

წარმოიდგინეთ ამ ენერგიით

ამოხეთქილი…. მე შენ მიყვარხარ

 

წარმოიდგინეთ აზრი ყველაფრის

უჩერებელი სიცოცხლის ფეთქვა,

წარმოიდგინეთ ლექსი რომელიც

აუცილებლად რომ უნდა ეთქვათ…

 

წარმოიდგინეთ ეს დედამიწა

შეშინებული თოვლის საბნებით

წარმოიდგინეთ მთელი სამყარო

გადახუნძლული იასამნებით…

 

აქ სურნელება წარმოიდგინეთ,

იმ გაზაფხულის აყვავებისა,

წარმოიდგინეთ ის სიხარული

ცრემლად რომ მოგვდის გამარჯვებისას….

 

წარმოიდგინეთ ბუნების ძალა,

ო რა დიდია მწვანე ფერები,

წარმოიდგინეთ ჩვენ, ცხოველები

და დედამიწა რომ ვეფერებით…

 

ერთმანეთს, ერთად, ერთურთის, ერთით

როს მოფრთხილება იყოს აზრები,

ჩვენ ხომ სიკეთის კეთების შემდგომ

ღმერთის ღიმილში მოვიაზრებით…

 

წარმოიდგინეთ ის მოგონება,

ბავშვობაში რომ თითი ვიტკინეთ

ის სიალალე იმ ბავშვობაში

ჩვენ რომ გაგვაჩნდა წარმოიდგინეთ…

 

ლამაზი ცა და თეთრი ღრუბლები,

და ცისარტყელა შემდგომი წვიმის,

წარმოიდგინეთ სულის ფერები

და სიკაშკაშე სხივების მძივის..

 

წარმოიდგინეთ ადამიანი,

ცხოვრობს რამეთუ შექმნას ასეთი,

ყოველი დილით ჰქონდეს ფიქრები

სხვისი ცხოვრების გალამაზების

 

რა ლამაზია შეგრძნება იმის,

შვილი რომ დედას ღიმილად ერთვის

ალბათ ასეთი ჰქონდა ღიმილი

როცა სიცოცხლეს გვაძლევდა ღმერთი….

 

წარმოიდგინეთ ისეთი სიტყვა

ბოროტება რომ კეთილს გაჰყაროს

მინდა გავშალოთ სულის ფრთები და

გადავუფრინოთ ამ ჩვენს სამყაროს,

 

წარმოიდგინეთ დედამიწაზე,

ერთიანობის იყოს კვეთება,

და სიყვარულის ადამიანში

უკიდეგანო სულისკვეთება…

 

ეს სამყაროა ჩვენი სახლი და

ეს სამყაროა ჩვენი დროება,

წარმოიდგინეთ არ არსებობდეს

აქ სიყვარულის ამაოება…

 

წარმოიდგინეთ არ ხდება ომი,

და არც არასდროს აღარ მოხდება,

წარმოიდგინეთ ადამიანის

სული სიკეთით როგორ ცხონდება…

 

წარმოიდგინეთ არ იცნობთ არა,

აქვე ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს…

დედამიწაზე სიყვარულია

რაც რომ სულ ყველას გვაერთიანებს…

 

მოდით სულ ყველამ ჩავკიდოთ ხელი,

ბანალურად ჟღერს?…. ზეცას ვაბაროთ,

გარს შემოვერტყათ დედამიწას და

გულის ფორმაში ჩავსვათ სამყარო.

 

მოდით სიცოცხლე გავაფერადოთ,

და ნაცრისფერი მოვწმინდოთ ცაზე,

მოდით ვინც გვიყვარს ვუთხრათ ხმამაღლა,

თუნდაც… ვუმღეროთ მათ ბოლო ხმაზე

 

გიყვარდეს მაგრამ მალავდე გრძნობას

წარმოიდგინეთ ესეც ნაკლია

წარმოიდგინეთ დღეს სიყვარული

დედამიწაზე როგორ გვაკლია..

 

წარმოიდგინეთ წვეთები წვიმის,

და ის მომენტი როგორ თენდება,

წარმოიდგინეთ ქუჩაში წყვილი 

წვიმასთან ერთად როგორ სველდება.

 

ის ემოცია წარმოიდგინეთ

დიახ დღეს ასეა ივლისის ოცია,

ომი რომ მორჩება ხალხის თვალებში

წარმოიდგინეთ ის ემოცია…

 

წარმოიდგინეთ ტყვიებში ფული

იხარჯებოდეს ამ ქვეყნად აღარ,

და შერიგების იდგეს ეპოქა

რევოლუცია ერქმევა ამას !!!

 

გამოიტანეთ ყველა კანონი,

და დაახვავეთ სოფელს ბინდიანს

აბსტრაქციული სიმარტივეა 

როს ათი მცნება უფრო დიდია…

 

ყველა კანონზე რაც რომ შექმნილა

ადამიანის ხელნაწიფები,

ათიათასჯერ ოთხი სეზონი

გასულა მაგრამ ჩვენ ვერ ვმწიფდებით

 

რათა გავიგოთ გემო სიმწიფის

როცა კვირტებში სიტკბო იფეთქებს

დიახ სულ ყველამ წარმოიდგინეთ 

რარიგ გვაკლია ქვეყნად სიკეთე

 

წარმოიდგინეთ უსასრულობა

ნიავი ჰაერს უბრალოების 

მოედოს ქვეყნად ყველა სულიერს

და ჟამი იდგეს დიდი დროების…

 

წარმოიდგინეთ ადამიანი,

ღმერთის მაგვარი სიკეთის ხატად,

ქმნილი სიკეთე ალალი გულით

როს დაბრუნდების ის ერთი ათად…

 

წარმოიდგინეთ ღიმილის ძალა,

აქ გაღიმება არის ღვთიური,

არ ჩამითვალოთ ამპარტავნობად

ვიღიმი და ვარ ამბიციური…

 

იმ სიყვარულში რაცა მაქვს გულში

არ დაგიმალავთ ასეა ასე….

იმაზე დიდი გრძობები დღემდე

მე არ მინახავს რომ ვზრუნავ სხვაზე

 

წარმოიდგინეთ ესე სამყარო

აყვავებული გარეშე ზიზღის,

აბა დავფიქრდეთ როცა ვიზიზღებთ

სულში უჩუმრად ეშმაკი გვიზის…

 

წარმოიდგინეთ ყველაზე დიდი

სურათი რაც კი დაუხატიათ,

წარმოიდგინეთ სამოთხის კართან

თავად ეშმაკი დაუნახიათ…

 

რომ მიდიოდა დახრილი თავით

ანგელოზებმა ცრემლი იდინეს,

ეშმაკი ცოდვებს რომ ინანიებს

იმის მიზეზი წარმოიდგინეთ

 

რა უნდა იყოს ნეტავ ასეთი

წარმოსახვისთვის შეუძლებელი

წარმოიდგინეთ, წარმოიდგინეთ…

ეშმაკი ნანობს წარმოიდგინეთ…

 

მოდით მე გეტყვით ჩემს წარმოდგენას,

თქვენც თქვენი ბრძანეთ თუ გულმა ინება

მხოლოდ და მხოლოდ ნებაა ჩვენი

ამ სუყველაფრის ასეა დინება

 

ადამიანით იბრძვის ბოროტი,

იარაღია ჩვენი გულები,

ამოცლილი გვაქვს სულიერება

მაგიტომაც ვართ დაკარგულები…

 

თუ დავიბრუნებთ სულიერებას,

თუ დავიბრუნებთ სიკეთის მარცვალს,

თუ გავახარებთ დამჭკნარ სიყვარულს

ბედნიერების დავიწყებთ ათვლას…

 

დავიწყებთ ათვლას იმ თავმდაბლობის

სიყვარულში რომ შევქმნით არიებს

ადამიანი თუ მოინდომებს

დიახ ეშმაკიც მოინანიებს…

 

ადამიანი დიახ და დიახ,

დიახ ჩვენა ვართ მიზეზი მხოლოდ,

უკეთურებას ვახარებთ აქ და

და აი ამიტომ ბოროტიც ცოცხლობს…

 

ყველგან აქაც და იქაც და იქაც,

ედავებიან ზეცაში ჩვენს თავს,

უსიყვარულობა არის მიზეზი,

თუ კი ბოროტის ძარღვები ფეთქავს….

 

წარმოიდგინეთ არავინ არსად,

აღარ დაუშვას უკეთურება,

წარმოიდგინეთ ჩვენი რაობა

როცა სინდისის არ გვეყურება…

 

წარმოიდგინეთ უკეთურება

ჩვენი მიზეზით ზოგჯერ რომ ხდება

წარმოიდგინეთ ზოგჯერ არც გვახსოვს

რომ დავიბადეთ ანგელოზებად

 

წარმოიდგინეთ მხოლოდ სიკეთე,

წარმოიდგინეთ მშვიდობის ერა,

თუგინდ სასწაულ ომში ჩამაგდეთ…

დიახ მშვიდობის მე იქაც მჯერა….

 

წარმოდგენაა ყოველი ასე,

ადამიანის თავში შობილი,

არაფერია იმაზე დიდი,

ფიქრები თუ გვაქვს კეთილშობილი…

 

წარმოდგენიდან იწყება ყოველი,

ადამიანის ნაკეთი საქმე,

ფიქრი შემდგომი ქცევად ქცეული

მოქმედებანი რომ ქმნიან ამბებს

 

წარმოიდგინეთ მხოლოდ სიკეთე

არაფერია ამაში ძნელი,

უბრალოება წარმოიდგინეთ

რასაც რომ ღმერთი ამრიგად ელის…

 

რომ სიყვარული მეფობდეს ყველგან

უბრალოება ფეთქავდეს ცაში,

ზოგჯერ რომ ერთი სიტყვაც კი შეცვლის

ადამიანის ცხოვრებას წამში…

 

წარმოიდგინეთ ქვეყანა ასე

აყვავებული სიკეთის ფერში,

ადამიანო წარმოიდგინე

ადამიანი ეძებო ღმერთში…

 

წარმოიდგინეთ კაცობრიობამ

ქვეყნად რამდენი ტანჯვა ვითმინეთ 

თუკი მშვიდობა გვინდა ამ ქვეყნად

მხოლოდ სიკეთე წარმოიდგინეთ

 

კიდევ ის რწმენა წარმოიდგინეთ

ბედნიერებით როცა ვიტირებთ,

და ეს ყველაფერი რაც ლექსად ითქვა

წარმოიდგინეთ რომ წარმოიდგინეთ !

 

კატეგორია: ზურა სალუქვაძე | ნანახია: 728 | დაამატა: Mefe | ტეგები: წარმოიდგინეთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz