მთავარი » 2015 » მარტი » 20 » მუხამბაზი
2:26 AM
მუხამბაზი

ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,

სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.


არ მშორდება მწუხარება და ჭირი,

მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.


რას მიქვიან პირადი მწუხარება?

- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!


ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი,

თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?


მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?

- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!


ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქმოხდილი,

უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!


თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი;

თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,


მაგრამ მაინც ვიცინი სხვანაირად,

და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:


“ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!

ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!”


რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!...

რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...

1872

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 626 | დაამატა: Mefe | ტეგები: მუხამბაზი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz