მთავარი » 2015 » მარტი » 25 » ბაგრატ ზახარიჩის სიკვდილი
3:24 PM
ბაგრატ ზახარიჩის სიკვდილი

მოკვდა, გამოესალმა ამ უპირო სოფელს ცხონებული ბაგრატ ზახარიჩი. ეჰ, მადლობა შენთვის, უფალო! გააჩენ, შე დალოცვილო, კაცსა, გააბედნიერებ და, ბოლოს, ისევ ამოაშხამებ. რას მოიფიქრებდა, ან კი სად ეცალა ეფიქრა საწყალს დამსახურებულს მოხელეს ბაგრატ ზახარიჩს, რომ, ერთხელაც იქნებოდა, უნდა მომკვდარიყო. ბაგრატ ზახარიჩი, მართალია, მკვდარია, მაგრამ იმის პირისახეს რიხი და ეშხი მაინც არ დაუკარგია. მისი დიდრონი, დაწითლებული თვალები საუკუნოდ დაიფარნენ დაჭმუჭნულ, სქელ ქუთუთოებით. დიდრონი, გაჭაღარავებული, სწორედ სტატსკი სოვეტნიკის შესაფერი ბაკენბარდები გულზედ აწყვია ორთითივით გადაჯვარედინებულის ხელებს ზევით. გაფარჩხულს, სქელს ულვაშებს დაუფარია სიამაყისა და სიდარბაისლის გამომხატველი ტუჩები. ბაგრატ ზახარიჩი კუბოთი შუა ზალაში ასვენია, თავით და ფეხთით სანთლები უნთია, სანთლები, რომელთაც არც გლოვა იციან და არც ტირილი. იმათი მადლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალს და მკვდარს ერთნაირად უნათებენ. ბაგრატ ზახარიჩს ხელებსა და ბაკენბარდებს შუა ორი ვარდი უწყვია. ეს ვარდები მამის მოწყალებას მოკლებულმა ქალიშვილმა ნატაშამ უძღვნა საუკუნოდ გამოსალმებულს მშობელს, შიშით და კრძალვით დააწყო.
მეუღლე მიცვალებულისა და მისი შვილები ფრიადა სწუხდენ თავის ბატონ-პატრონის დაკარგვას, მაგრამ ხმით ტირილს კი ვერავინ ჰბედავდა; იცოდნენ, რომ ხმამაღლობა ძლიერ ეჯავრებოდა ბაგრატ ზახარიჩს. ხმამაღლა ლაპარაკი და სიარული უწამლავდა გულ-გონებას, დააავადებდა, გულს გადმოუტრიალებდა, ტანში გააჟრჟოლებდა, თითქოს, ეს-ეს არის, ეხლავე სული უნდა ამოჰხდესო. მუდამ ჩურჩულით საუბარს დაჩვეული ვეღარ ახერხებდა ხმამაღლა ლაპარაკს. ერთი თამამად შინ დაახველებდა, ისიც როგორღაც წამოცდენით, იმიტომ უცებ ისევ შედგებოდა, მიიხედ-მოიხედავდა, კანცელარიაში ხომ არა ვარო. ბაგრატ ზახარიჩის ცოლი, ელენე, შევიდის თითის წვერებზე ოთახში, სადაც ესვენა მისი მეუღლე, დააცქერდის, ამოიოხრის და უკანვე გამობრუნდის. გულსაკლავად განსვენებულის თავით დაეწყოთ მისი ორდენები, კედელზე ეკიდა შპაგა და მუნდირი, იქვე ეკიდა ბაგრატ ზახარიჩის ვარსკვლავიანი ქუდი, რომელნიც თითქოს დასცინიან თავის პატრონსაო, ისე გადმოიცქირებოდენ. დიაღ, აქ ესენი იცინოდენ და კანცელარიაში – მწვანე სტოლი, რომელსაც ამოუჯდებოდა ხოლმე გვერდით ბაგრატ ზახარიჩი დიდრონის სათვალეებით, ინდოურივით გაბღვერილი. ვეღარ ააბოლებდა სიგარას წუმწუმის ტკაცუნით, ვეღარ ააჭრიალებდა ქაღალდზე, მოუპოხელს ურმის ღერძივით, მჭრელს კალამს მთელი შვიდი საათი მუდამ დღე ჩაციებით და დაჟინებით. მოიშორა თავისი მტანჯველი მწვანე სტოლმა და იმიტომ უხაროდა. მართალია, იმანაც იცის, რომ ეხლა სხვა დამეპატრონებაო, მაგრამ ისე მკაცრად არ მომეპყრობა, როგორც ბაგრატ ზახარიჩი მეპყრობოდაო. დედამიწის ზურგზე სხვას არავის ისე არ სძულდა განსვენებული, როგორც ამ სტოლს. ან კი რად უნდა სჯავრებოდათ? ვისთვის რა დაუშავებია?! ჭიანჭველასაც კი ფეხს არიდებდა, რა არის, თავის მეუფროსის წყრომა არ დაემსახურებინა. მთელი ოცდათოთხმეტი წელი ქ. ნ – ს ერთს სამმართველოში მსახურებდა: 8 საათიდამ დაწყებული ვიდრე 3 საათამდე. დანიშნულს ვადას არ გადააცილებდა.
ბაგრატ ზახარიჩი ბედნიერად სთვლიდა თავის თავსა, მაგრამ ერთი ფიქრი სტანჯავდა მთელს სიცოცხლეში და ლოდივით გულზე აწვა. ეს ის ფიქრი იყო, რომ მის და კანცელარიის მეუფროსეს, ალექსანდრე ნიკიტიჩს, მიზეზი არაფერი მიეტანა და სამსახურიდამ არ დაეთხოვა. ამიტომ ბაგრატ ზახარიჩი, როგორც ქართველი კაცი, დარბაისელი იყო და უფრო კიდევ მომეტებულად იდარბაისლებდა თავს. ცოდნა, გარდა ანბანისა, არაფერი ჰქონდა, რადგან არსად არ ასწავლეს მშობლებმა. ამას კარგად ჰგრძნობდა ბაგრატ ზახარიჩი და ამიტომ სცდილობდა ეს ნაკლი თავის კარგის ყოფაქცევით, სიჭკვიანით და სიდინჯით შეევსო. როდესაც იგი სამსახურიდამ შინ დაბრუნდებოდა, მუდამ იმის ფიქრში და ზრუნვაში იყო, დღეს ხომ არაფერი დავაშავეო, ხომ არ დავახველე ან უდროოდ ხომ არ ავსდექი, ან ხომ არ გავიცინეო… გარემოებამ, ადგილის დაკარგვის ზრუნვამ, ეს კაცი სიცილსაც კი გადააჩვია. აღარ შეეძლო ბაგრატ ზახარიჩს სიცილი. სიზმარში მუდამ ალექსანდრე ნიკიტიჩსა ჰხედავდა, ზოგჯერ ვითომ მრისხანედ ეპყრობოდა მეუფროსე ბაგრატ ზახარიჩს და ზოგჯერ კი მოწყალებით. ორივე შემთხვევაში ცრემლებსა ჰღვრიდა – პირველად სიმწარისას, და შებრალებისას და მეორე შემთხვევაში – სიტკბოებისას. აი, რა ჯურის სიზმრებსა ჰხედავდა ბაგრატ ზახარიჩი: სადილად სხედან, ვითომ, ბაგრატ ზახარიჩი, ალექსანდრე ნიკიტიჩი და მოხელეთა კრებული. მეუფროსე პირველად ბაგრატ ზახარიჩის სადღეგრძელოსა სვამს. „ჩინოვნიკები“ ჩურჩულს ასტეხენ და შურის თვალით უცქერიან ბაგრატ ზახარიჩსა. იგი თავის მხრით ერთიათად იბერება, თავს იწონებს. ალექსანდრ ნიკიტიჩი საჯაროდ აცხადებს, სიტყვას ეუბნება ბაგრატ ზახარიჩს და, სხვათა შორის, იმედს აძლევს: „Я Ваши заслуги никогда не забуду“-ო. მაგრამ ხანდახან ეშმაკი აეკვიატებოდა ხოლმე ბაგრატ ზახარიჩის სიზმარს და მოუწამლავდა სიცოცხლეს. რამდენს ხვნეშა-კვნესაში იყო ხოლმე საცოდავი, მანამ გაიღვიძებდა, გამოერკვეოდა და გაიგებდა, რომ სიზმარში ვარო. ეს მაშინ მოხდებოდა, როდესაც მისი სიზმარი შავს ფერს დაიდებდა, ალექსანდრ ნიკიტიჩი მრისხანედ, შუბლშეკრული თავზე დაადგებოდა და ეტყოდა: „Сдать все бумаги, подайте прошение!“ ეს საშინელი სიზმარი იყო ბაგრატ ზახარიჩისათვის.
ეხლა ბაგრატ ზახარიჩმა მოისვენა, მორჩა იმოდენა ვაებას, აღარავისი ეშინიან. რიხი კიდევ შეჰრჩენია იმის პირისახეს, მაგრამ რა გამოვიდა? მიწამ უნდა შეჭამოს მისი რიხიცა და პატივსაცემი ბაკენბარდებიც თანა. მუნდირსა და შპაგასაც გაჰყიდიან და მწვანე სტოლსაც სხვა ვინმე ამოუჯდება გვერდზე.
ბაგრატ ზახარიჩის ცხედარის გასასვენებლად მოვიდენ მისნი ნაცნობნი და მრავალი მგრძნობიარე სიტყვა წარმოსთქვეს იმის საფლავზე. თუ სიმართლეს ვიტყვით, იმდენად არავის ებრალებოდა ბაგრატ ზახარიჩი, რამდენადაც თვითეული ორატორთაგანი სცდილობდა მჭევრმეტყველობა გამოეჩინა.
აქ მოვიყვან მხოლოდ ალექსანდრე ნიკიტიჩის სიტყვას, რადგან იმის სიტყვა ყველა იქ წარმოთქმულს სიტყვებზე მგრძნობიერი და შინაარსიანი იყო. სიტყვა რუსულად წარმოითქვა და ჩვენ კი ვეცდებით ქართულად გადავცეთ მკითხველებს.
– ბატონებო, – სთქვა ალექსანდრე ნიკიტიჩმა, გაქუცულ წარბების აჭიმვით, – დღევანდელი დღე ჩვენთვის დიდად სამწუხარო და სამგლოვიარო დღე არის. ჩვენ დავკარგეთ დიდად სასარგებლო მოხელე, მოხელე არა უბრალო, არამედ დიდის ნიჭის პატრონი… მისი ნიჭიერება ყველაფერში სჩანდა. სულ ოცდათორმეტი წელიწადია, რაც ბაგრატ ზახარიჩი მსახურობს; ოცი წელი კი ერთად ვმსახურობდით მე და ცხონებული და ერთხელ სიტყვა არ შემოუბრუნებია ჩემთვის, პირდაპირ ცქერასაც კი ვერ მიბედავდა, რადგანაც მე უფროსი ვიყავი. იმიტომ წინ წაიწია, მთავრობამაც იმიტომ ღირსეულად დააფასა ეს საკვირველი კაცი… ვიპოვნითღა თუნდ ამის ხასიათის კაცს ოდესმე? ეღირსებაღა ჩვენი კანცელარია ბაგრატ ზახარიჩისთანა მოხელეს? მე ვამბობ: არა და არა! არა მარტო ჩვენი კანცელარია, არამედ ცხოვრებაშიაც კი ვეღარაფერს ვნახავთ მიცვალებულის მსგავსსა. იგი სწორედ შეზავებული ცხვარი ან ანგელოზი იყო, თუ შეიძლება ესე ვსთქვათ, – და თან წმინდა საამური საკმლის სუნი მოსდიოდა. ღრამატიკა, რომელსაც უპირველესი ადგილი უჭირავს განათლებაში საზოგადოდ და კანცელარიის კერაზე კერძოდ, ბაგრატ ზახარიჩისაებრ თქვენგანმა, ბატონებო, ნუ კი გეწყინებათ, არავინ რ იცოდა. ბევრგვარად ჯერ მე მიხსნიდა ხოლმე განსაცდელისაგან, უმისოდ მე ქაღალდს არსად არა ვგზავნიდი. უნდა პირველად ბაგრატ ზახარიჩს წაეკითხა, დაესხა ნიშნები; მისი აზრი ღრმა იყო, მაგრამ მაინც კიდევ არ მედიდურობდა, იყო იგი უმდაბლეს ბალახთა და უმშვიდეს წყალთა. და, ბოლოს, თქვენთვისაც ვისურვებ ბაგრატ ზახარიჩისთანობას და განსვენებულის, ჩემის ერთგულ მეგობრისათვის კი ცხონებას, განსვენებას აბრაამის წიაღსა შინაო.
დანარჩენთაც მოიგონეს ბაგრატ ზახარიჩის ღრამატიკის ცოდნა და მშვენიერი „პოჩერკი“. ერთმა მოხელემ მოიყვანა მაგალითი იმისა, თუ ერთხელ როგორ შესწუხდა, შეძრწუნდა და შეიძრა მთელი კანცელარია შესახებ ორის სიტყვისა, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩართული ალექსანდრ ნიკიტიჩის „ოტნოშენიე“-ში გუბერნატორთან. გაიმართა სასტიკი ბაასი შესახებ იმისა, როგორ უფრო მართალი იქნება, „буде возможно“, თუ „если возможно“-ვო. ამაზედ ყველა გაზეთების რედაქტორებსა და გამოჩენილს მერუსულეებს დაეკითხნენ, მაგრამ უკანასკნელ სიტყვათა შეთანხმება ამჯობინეს. მხოლოდ ბაგრატ ზახარიჩმა „буде возможно“ ამჯობინა „если возможно“-სა და მას შემდეგ გაითქვა სახელი ღრამატიკის ცოდნისა.
დამარხეს ბაგრატ ზახარიჩი, მიაბარეს ცივს დედამიწას, თითო მუჭა მიწა მიაყარეს და გამობრუნდენ. წავიდა, გაჰქრა ბაგრატ ზახარიჩი. აღარაფერი არ დარჩა მის მოსაგონებლად, გარდა ძველის, შემჭვარტლულის ქაღალდებისა, რომელზედაც ეწერა ბოლოს „ბაგრატ ქავთარაშვილი“. გარდა ამისა, ბაგრატ ზახარიჩმა თავის ცოლ-შვილს დაუტოვა ანდერძი. მანამ სულს დაჰლევდა, იმან დაიბარა თავისი მეუღლე ელენე.
– ჩემო საყვარელო ელენე, – ამბობდა თვალცრემლიანი ბაგრატ ზახარიჩი. – მე, ეგ არის, გეთხოვებით, მივდივარ ამ სოფლიდამ. ჩემზე დიდი კაცი ბევრი მომკვდარა და, მადლობა ღმერთს, მეცა ვკვდები, ჩემზედაც სრულდება ნება უფლისა. ნუ დამივიწყებ, გენაცვალე, მომიგონე ხოლმე და აასრულე ეს ანდერძი. თუ ამას აასრულებ, მე მკვდარი არ ვიქნები, არამედ ცოცხალი. ხომ იცი, ჩემო ელენე, სამსახურიდამ რამდენ საათზედაც ვბრუნდებოდი. ჩემს საკუთარ სავარძელზე არავინ დაჯდეს, ნაშუადღევის სამ საათზე გამოიტანეთ ხოლმე ჩემი პორტრეტი და დაასვენეთ სავარძელზე, – წინ ქაღალდები დაუწყეთ და თითონაც ისე მოაწყეთ პორტრეტი, რომ ქაღალდებში ჩაიცქირებოდეს. ფრთხილად, ფრთხილად ადექით და თითის წვერებზე გაიარ-გამოიარეთ, გეშინოდესთ, ხათრი გქონდესთ ჩემის პორტრეტისა, როგორც ჩემი ხათრი გქონდათ. ისე იფიქრეთ, ვითომ ცოცხალი ვარ.
ბაგრატ ზახარიჩს სიცოცხლის დროსვე უნდოდა ამ პოზით გადაღებულიყო, მაგრამ საცოდავი ვეღარ მოესწრო, არ იცოდა, თუ ზურგთ უკან ბრჭყალებგაშლილი სიკვდილი ედგა ამოტუზული ბაგრატ ზახარიჩის გასატაცებლად. იმისმა ცოლმა და ქალიშვილმა მხოლოდ ორ კვირას ასრულეს ეს ანდერძი, მერე კი დაანებეს თავი, იფიქრეს: სისულელეს ჩავდივართო. ნატაშა ორის თვის შემდეგ ერთს დრაგუნს გადაჰყვა და ელენემ კი ფერუმარილის სმას მოუმატა პირისახეზე.
აი, როგორ გათავდა ბაგრატ ზახარიჩის სიცოცხლე. მაინც სიჩუმე, მყუდროება უყვარდა და მიაღწია კიდეც თავის სურვილს. აუსრულდა გულის წადილი. მხოლოდ ქარი თუ შეაშფოთებს ბაგრატ ზახარიჩის მყუდროებას, როდესაც გრიალით გაივლის სასაფლაოზე და თან გაავლევს, გაიყოლიებს ქალაქის ჟრიამულს, ხმაურობას და ამასთან ერთად კანცელარიის ქაღალდების შრიალს…

კატეგორია: ვაჟა ფშაველა | ნანახია: 1166 | დაამატა: Mefe | ტეგები: ბაგრატ ზახარიჩის სიკვდილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz