მთავარი » 2015 » მარტი » 18 » ალექსანდრე ყაზბეგს
12:19 PM
ალექსანდრე ყაზბეგს

შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

 

კატეგორია: ვაჟა ფშაველა | ნანახია: 571 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz