მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
2:17 PM
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,

ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,

(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა). ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე, ვსთქვი: “

ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!

” და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?

ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!

გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…

ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”

მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..

ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!

მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,

და დამასო საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,

თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!

დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,

ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!

ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 670 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz