მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » 11 ლექსი ნიკო გომელაურის
3:26 PM
11 ლექსი ნიკო გომელაურის

             ***

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

         ***

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

         ***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…

         ***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის…
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

           ***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია…

                     ***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

                     ***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები… 

      

                         ***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
– მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი

          ***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს…

                    ***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

            ***

ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 622 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz